0 249

ახლა ოქტომბრის ღამესთან ვწევარ ..


ახლა ოქტომბრის ღამესთან ვწევარ
და უშენობა ატანს ძვალ-რბილში.
ხვალ მოვალ ფერად ფოთლების წყებად,
(ფოთლად მოსვლასაც ხომ ვერ დამიშლი!)
და შენი სახლის გარშემო დავცემ _
დამპყრობელივით _ უთვალავ კარავს
და ალყად მომდგარს თვალები გამცემს
და მოგთხოვ ჩემი გრძნობების ღალას.
შენ კი ამაყად გადმივლი გულზე,
ეზოს კუთხესთან მიგიყვანს მზერა
და ძველი ცოცხით ამკინძავ უცებ,
სულ ფურცელ-ფურცელ,სულ ჭრულა-ჭრელა.
მე _ ცაში კვამლის ქულებად აჭრილს
და შენ, რომ ერთი ზეცა გხურავდეს,
გავხდები (ტირი?!) ცოცხალი ჯაჭვი,
მაგ ძველი ჭიდან მამის სულამდე...
საღამოს ქარი გამფანტავს ნაცრად,
ვერც ყელს შევეხე, ვერც ბაგეს მოვწვდი
და ნათლიასთან მაგ ყელის ნაცვლად
შენი ბავშვობის ნატერფალს ვკოცნი...
კომენტარები (0)