0 183

წამოდი


ნ.კ.-ს

ეს ქარი ახლა ისე მალია,
ვაითუ წისქვილს ფრთები დაგლიჯოს...
შენ რას იღიმი, რა გიხარია,
რა გიხარია სულით მახინჯო?!

გამოკეტილი ფიქრის შუშაში
ასხია ფერი_მელნის_ტკივილი.
ჭინკებმა დასვეს ცხვირწინ დუშაში
და სულს გაცლიან კივილ-წივილით.

ფანჯრიდან მოდის ღამის შეგრძნება,
ხედავ, მკვდრისფერი ადევთ პორტრეტებს,
და გრძნობ, რომ ფეხქვეშ მიწა გეცლება,
თან, სადღაც... სოფლად, რადგან მოგკვეთეს

ფესვებს... და უკვე ვეღარც მარხულობ,
და ძილშიც ვეღარ ხედავ მთაწმინდას.
ოცდამეშვიდე მოვა ზაფხული
და ამღვრეულ მტკვარს ისე დაწმინდავს,

ვით მომაკვდავის თვალებს შიშიანს
ანაფორათა მუქი ჩრდილები...
და თუ სიკერპე შენი ჯიშია,
თუ მაინც სიკვდილს დაეპირები,

უკან მოუხმე ქარებს შარიანს,
ლამის რომ წისქვილს ფრთები დაგლიჯოს.
ვიცი, ღიმილიც ზოგჯერ მწარეა,
წამოდი, ერთად გადავაბიჯოთ!

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)