ჩიტი-ბარომეტრი


დავხურე ფანჯრები. ჩიტების ჟღურტულიც მიწყნარდა,
და კენკავს სიჩუმეს საათის ისარი, დაღლილი.
ფიქრები გავხიზნე ბავშვივით, სოფელში, ფიჭვნართან.
ჩემი ბრმა ტკივილის ფეხებთან ერთგული ძაღლივით

მივწექი... დაბნელდა... არადა, წუთის წინ მზე ჩანდა.
დახუჭულ თვალებით ოცდამეჩვიდმეტედ მანძილი
მიწამდე_ გავზომე. ტკივილი იდგა და ღეჭავდა
ჩემს ნერვებს, უგემურ... ვით გლეხი, დაღრეჯით, ღანძილებს...

და მერე, სიზმარში ვიდექი დიდ-მამა-ადამთან;
ძმა ჩემი, თეთრ ღრუბლებს მწყემსავდა მომწვანო იფნებთან.
პოეტებს_მომღიმარ_ ბრბო პიტნის გვირგვინებს ადგამდა,
და დაფნის ნაყენის საფენებს სახსრებზე იფენდა.

და ვგრძნობდი სიზმარშიც_ მარცხენა ბეჭს ჩაქუჩს ურტყამდნენ
შიგნიდან... გარედან_ შურის და ქილიკის სამიზნეს.
ვიღაც კი იდგა და ფიჭვნარში სალამურს უკრავდა
და ჩიტი მღეროდა ხვალინდელ წვიმიან ამინდზე...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი