0 965

დეკემბრის ლექსი


მთებზე უთოვია წუხელ,
დეკემბერი გვიდგას.
შენთვის გაუმხელელს ვუმხელ
კანტიკუნტა ფოთლებს.
ქარი ეტანება მუხას,
მუხა ფესვებს იდგამს.
მე კი მივეძალო (ვწუხვარ!)
დათვისსისხლა ბოთლებს_

უნდა... გაგილოთდე, ჩემო,
ერთი ღამით მაინც,
რადგან სიმთვრალეში მჩემობს
სისუფთავის განცდა,
რადგან სიფხიზლეში ბნელა
საშუადღო ცაიც,
რადგან სიფხიზლეში ყველა
ჰორიზონტი გაცვდა.

ვჩემობ ნიზამობას კი არ,
მაწანწალა_ სულით.
ოღონდ, ჩემს ჭკუაზე ყიალს
ვერ დამიშლის მეფეც.
მივალ საფლავებთან_ დუმან,
სიმშვიდეა სრული,
მივალ სასახლესთან_უმალ
გოშიები ყეფენ.

ჰოდა, დავიღალე ასე.
იოლია დაღლა.
მხოლოდ მოლოდინი მავსებს
შენი თოვლის, თმების...
ჰოდა, გადმოთოვე მთანი,
გადმოთოვლე ახლავ!
თორემ, მერამდენედ_ მთვრალი_
თეთრ ღამესთან ვწვები.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)