ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

1 5878

ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს ..


ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.

გადიან წლები და ფიქრით დაღლილს
გადაუხდელი მრჩება ვალები
და მეკარგება მშობლების სახლი -
აუტანელი და საყვარელი.

მე არ ვკითხულობ, რად მოხდა ასე,
ან რად შემჯავრდა, რაც ადრე ვწერე,
ან რად დავკარგე შენს თვალში ფასი
ამდენი ცდის და წვალების მერე.

ალბათ ასეა ცხოვრების წესი,
მკაცრი სიმართლით პირამდე სავსე,
და ამ სიმართლით ივსება ლექსიც,
რომ ხვალ მეხივით დამატყდეს თავზე.

მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოჰფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.

მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს,
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.
კომენტარები (0)