ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

და აი, როგორც სველი ძაღლები ..

და აი,როგორც სველი ძაღლები,
ისევ მოგროვდნენ კართან ჩრდილები
და მოითხოვენ კარის გაღებას:
ყეფით,წკმუტუნით და დაჟინებით.
და წვეთავს ისევ წყალი თუ ღამე,
ღამე თუ შლამი,შლამი თუ სული,
თუ უაზრობით შემკრთალი წამი,
თუ სიმარტოვით გახსნილი წყლული...
რაღა აზრი აქვს ან რითი შეცვლი
ფუძეგამოცლილ ცასა და მიწას,
ვერც სისხლის სითბოს ვერ შეცვლი ცეცხლით
ვერც დაპირებას ვერ აქცევ ფიცად.
თავს ვერ დააღწევ ბედის მარწუხებს,
ვერ დააბრუნებ გასროლილ ტყვიას
და სხვას არასდროს არ შეაწუხებს
ის,რასაც შენი წუხილი ჰქვია.
ადგილს მიწაზე ყველგან იშოვის
დღეის აჩრდილი და ხვალის მტვერი,
მაგრამ ვერავინ ვერ მოიშორა
იმედი-სულის მთავრი მტერი.
ჩემი ცხოვრებაც,ბუნების სარკე,
კვლავ განსაზღვრული სიჩქარით მიჰქრის
და მაინც ხალხში დაეძებს საკვებს
მშიერ თაგვივით თამამი ფიქრი.
ნახვამდის,ზღვაო,თავისუფალო!
ნახვამდის,თუმცა შენთან ვარ ისევ
და დაყრუებულ სხეულით ვისმენ
შენ ხმას თუ ხმაურს:მხნეს და უბრალოს...