ისევ დამარცხდა ..


ისევ დამარცხდა, დაცხრა ზამთარი...
დაკონკილ დროშას მიითრევს, მიდის...
და ბევრი მწარე დღის გადამტანი,
გალუმპულ ტოტზე ფრთხიალებს ჩიტი.

ის ხის სულია: ლაღი, კეთილი,
მომნიჭებელი ცის და ნუგეშის,
განმტკიცებული და განწმენდილი
ზამთრის სიმკაცრით და სიუხეშით.

მის ხმაზე ქვებიც უნდა აყვავდნენ,
რომ ჯადოსნური ფშვინვით და თრთოლვით
კვლავ ჩაკლან ეჭვი, როგორც აქამდე
ჩაუკლავთ არა ერთი და ორი.

მხოლოდ მის ხმაზე იხსნება კარი
და შეჩვეული დუმილს და ლოდინს,
ფრთხილად მოცოცავს ოცნება გარეთ,
ვით შინ გაზრდილი მცენარის ყლორტი.

მხოლოდ და მხოლოდ მის ღვთიურ ხმაზე
ჩვენს შორის ისევ იდება ხიდი
და ამიტომაც ზეიმობს ასე
ეს ერთი სულის შებერვა ჩიტი

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი