რა უნდა მოხდეს ..


რა უნდა მოხდეს რა უნდა იყოს,
რომ დღევანდელი კაცის თვალები
გაოცდეს მართლა და არა თითქოს,
ვინმეს ბრძანებით ან დავალებით.

და მაინც მტკივა სულიც და ხორციც
შენი სულის და ხორცის ნაწილი,
კვლავ გამოფიტულ ჩუქურთმებს ვკოცნი,
კვლავ ფერდს მიძიძგნის მკვდარი არწივი.

მძიძგნის არწივი ეჭვის და შიშის
გამოძიძგნილი მეწვის ფერდები
და იმ არწივის საზარელ ჩრდილში
ვპატარავდები და ვძლიერდები.

და გარეგნულად კვლავ უშფოთველი,
შენს ცრემლს ვიგროვებ დახეთქილ პეშვში
და ვფეთქავ, როგორც ერთი ფოთოლი,
ან ერთი ტოტი შენს მეჩხერ ტყეში.

და ვფეთქავ მაინც, მათოვს თუ მაწვიმს,
თუ გაზაფხულის მზითა ვარ მთვრალი
და მორღვეული გალავნის გასწვრივ
მრჩება დამფრთხალი ნადირის კვალი.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი