ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

როცა ჩაცხრება ყველა იარა ..

როცა ჩაცხრება ყველა იარა
და მოერევა თვალს ძილი მწარედ,
სადღაც ტრამვაი გაიჭრიალებს
და ჩაახველებს ვიღაცა გარეთ.

გამახსენდება მემაწვნის ვალი,
დაფეთებული მოვიჩხრეკ ჯიბეს,
ხოლო მეზობლის ლამაზი ქალი
წაეკიდება ცეცხლივით კიბეს.

კვლავ საუკუნედ იქცევა წამი,
ვიდრე თოკიდან ჩამოხსნის კაბას...
გადამავიწყებს წუხანდელ ღამეს,
როგორც დალაქის მონაყოლ ამბავს.

მერე ღიმილით ჩამივლის გვერდით,
ჟრუანტელს მომგვრის, როგორც ხავერდი,
და აყვირდება ქუჩაში წყნეთი -
მემაწვნეებით და მხერხავებით.