ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

ჩვენ ვგავდით ფოთლებს ..

ჩვენ ვგავდით ფოთლებს, რომლებსაც ქარი
დააქროლებდა თვის ნებაზე,
რომლებსაც გრძელი და ცივი ქარი
დააქროლებდა თავის ნებაზე.

და ჩვენც მივქროდით. ცაში ციოდა
და ერთმანეთში ჩახლართულები,
ვერ გვეწეოდნენ და მოგვწიოდნენ
სველი ტოტები და მავთულები.

ჩვენ კი მივქროდით. ნაცრისფერ ცაში
მივქროდით, როგორც თეთრი ღმერთები.
თუმცა არავის არ სწამდა მაშინ
ჩვენი ფიქრები და იმედები.

და ვეშვებოდით სახურავებზე,
ქვაფენილებზე და გამვლელებზე,
გადაყრუებულ სახურავებზე
ქვაფენილებზე და გამვლელებზე...

და იდუმალი, როგორც წარსული
ამოდიოდა ყვითელი მთვარე
და ჩვენც გავრბოდით, რომ უსასრულოდ
გვეცქირა, როგორ ბრწყინავდა მტკვარი.