2 სექტემბრის ქუჩა


პორტიდან ისმის გესმის საყვირი,
გემი კი ნიშნავს მეზღვაურებს,
ან უფრო სწორად,
მუშტრებს, რომლებმაც იციან ფასი
ნაუცბათევი სიყვარულის...
ბავშვებო კმარა!
სასწრაფოდ უნდა დაცალოთ ქუჩა,
ისედაც ვიწრო.
აქ ჩაივლიან მეზღვაურები,
სხვების მამები და სხვების ქმრები,
დანატრებულნი ოჯახურ სითბოს,
დახარბებულნი დამპალ ცხოვრებას...
და თუკი დღისით თქვენ გეკუთვნოდათ,
ახლა ბნელია ეს ჩვენი ქუჩა.
აკრიეფთ თქვენი თოჯინებიც...ეს თოჯინები
საკუთარ ბავშვებს გაახსენებენ
ჩვენს მეზღვაურებს
და ჩვენ დავკარგავთ ერთი ღამის ბედნიერებას –
ბავშვებო, დედების ხათრით,
დაგვითმეთ ქუჩა!

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი