აგარაკი


აცვივა წიწვი გადაშლილ წიგნებს,
ჭადრაკის დაფებს,ზურგებს და მუცლებს...
რაღაც გაკლია და ფიქრებს იკრებ,
რაღაცა მოგწონს,რაღაცას უძლებ

და აგარაკის მშვენიერ ქალებს
კვლავ ყალბი ვნების ბურანში ახვევ
და სადღაც,სულის სიღრმეში მალავ
ქალაქის მტვერში გაცნობილ სახეს.

იმ ქალაქივით ძვირფასს და უშნოს,
იმ ქალაქივით მტანჯველს და კეთილს,
დღემდე სათუთად ინახავ სულში,
თუმცა არ იცი რას ნიშნავს შენთვის

აცვივა წიწვი გადაშლილ წიგნებს,
რომლებსაც ალბათ ფურცლავენ მხოლოდ
ან არც ფურცლავენ...ასე სჯობს იქნებ,
ვინც ცოტა იცის,უფრო ბევრს ცხოვრობს

და უცებ ამჩნევ სადგურის კივილს
ჩნდება ქალაქი მძიმე ხიდებით
და როგორც მალე განსაცდელ ტკივილს
გინდა გასცილდე და ვერ სცილდები.

სადგური კივის კივის და კივის
ოფლგადასკდარი ლითოი ბრწყინავს
შენ კი იხსენებ უბრალო ღიმილს-
გამქრალს დაკარგულს დიდი ხნის წინათ.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი