ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

გაზაფხულის პირველი დღე

რაღაცა ჰქონდათ იმ ქარს და წვიმას
ჯერ განუცდელი და იდუმალი.
მთვარეც მაძლევდა რაღაცის იმედს,
მორიდებული, როგორც სტუმარი.

მართლაც კეთილი აღმოჩნდა ბოლო
და მივაღწიე დანიშნულ ადგილს,
თუმცა ხელებზე ცეცხლის და ბოლის
და ფერფლის მძაფრი სურნელი ამდის.

და ახლა, როცა ახლოა უკვე
სახლიც და ყველა ნაცნობი სახეც,
გადაჩვეული სითბო და შუქი
ნატკენ თვალივით ნელ-ნელა მახელს.

და რასაც ვხედავ, პირველად ვხედავ,
არ არსებობდა თითქოს აქამდე
არც გზა, რომლიც გვირაბში შედის,
არც ხე, რომელიც უნდა აყვავდეს.

უნდა აყვავდეს რომ ერთხელ კიდევ
გათბეს, გაბრუვდეს და გათამამდეს,
და დაუბრუნოს ხალისი ჩიტებს,
ვიდრე ბუნება დათვლის სამამდე.

მე კი დავრწმუნდი რომ შენი ხელი
ჩემს დაღლილ ხელზე შეცდომით იდო,
შეცდომით იდო და ნელა-ნელა
თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ.

მეც თვითონ მივხვდი, მივხვდი და ვყვები,
რომ დღევანდელი დასრულდეს დღესვე,
ანდა რა უნდა მოსთხოვო ვნებებს,
რომლებმაც ყველა სასმისი შესვეს.

შესვეს და დათვრნენ და კვლავ ჰგონიათ,
რომ პირვანდელი ძალით ღელავენ.
მე კი ვერაფრით ვერ მიპოვნია
სიტყვა, რომელიც ახსნის ყველაფერს.