მოლოდინი


გაუჩინარდა სარკმელში ტოტი,
საკვამურებიც და მავთულებიც...
აღარაფერი არ ჩანს სრულებით
და როგორც შავი ყინულის ლოდი,
დუმს ტელეფონი...

მაგრამ დუმილიც თანდათან კარგავს
თავის საზარელ აზრს და უფლებას
და მესმის, როგორ ესაუბრება
კედელი კედელს, საგანი საგანს.

თუმცა მე უკვე აღარ მაქვს ნება,
რაიმე გრძნობა მქონდეს შენდამი
და მტვრად ედება ჩემს გლუვ ზედაპირს
თავგანწირული და ლაღი ვნება.

მაინც რაღაცით უნდა გავერთო
და ავიტანო დარიც და დამღაც,
რადგან ჩემს ნაწილს შეადგენს ახლა
ის, რაც დარჩება ჩემგან საერთოდ.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი