დილაა, ქუჩას მივაპობ ..

დილაა, ქუჩას მივაპობ,
ვგრძნობ, სისხლით როგორ ვიცლები,
ღამით ბოჰემას მივენდე,
დილას ბოჰემად ვითვლები.
ღამით ვარდებთან მეძინა,
დილას ვაჩუქე იები,
სურვილიც არ მაქვს და არც ვარ
ამ ღამის მომნანიები.
ჩემი ბედი და იღბალი,
დილის მზის სხივზე ჰკიდია,
ის ღამე ცოდვებს ვუძღვენი,
სული არ გამიყიდია.
დილის ჰაერი ფილტვებში
ქარია, როგორც კრისტალი,
ბარში შევდივარ მოღლილი,
თვალებს იფშვნეტავს მიმტანი.
ვუკვეთავ მძიმე ალკოჰოლს,
არ მენდობიან ღაწვები,
წავალ და... როგორც კუბოში,
ბალახზე ისე დავწვები.

წყარო: litklubi.ge