იქითური


გაიხსნა იშკარი. სულო რად იჩქარი?
ვეღარ დაბრუნდები: იქ საშინელია.
ყოფნა გაწამდება, როცა დაღამდება,
ვერ გათამამდება ვინც გრძნობით ნელია.
სურვილში ვერ ვკვდები, მტანჯავენ ღმერთები,
ქალების მკერდები დამშრალან, კვდებიან.
შიშით ვიხედები, გაყვითლდნენ გედები,
სნეული დედები ქრისტეს ვერ ხდვდებიან.
ვეფხების ლოთობა, ჭრელი ბოროტობა,
ჰანგების ლოდობა, კბენა თვალებისა,
კივილი მეხური, ცეკვა უხერხული,
უკმეხი ფერხული გიჟი ქალებისა.
ჭრილობის დაჩენა, შავი მზის გაჩენა,
დღე ვინ შეაჩვენა, ტყე რამ გადარია,
უფსკრული ქარდება, ვარსკვლავი ვარდება,
ცა ვერ ივარდება, ცივი ცა მკვდარია.
ყოფნა იქითური: წვიმა უწმინდური
ქორწილი ბუნდური, ყვირილი მაყრების,
ავი სახელები, გველთა გახელება.
ციება, ცხელება და კვნესა ლახვრების.

1916
დაუდეგარი ღამე. თავი რკალში.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი