0 2197

ღარიბი ვერლენი


ვერლენს სციოდა, დადიოდა გაუპარსავი,
უნდოდა საწყალს ბედის კვალი გამოეცვალა;
მას ღვთისმშობელი შეუყვარდა ობოლ დასავით
და შველა თხოვა, როცა ღამის ჯვარზე ეწვალა.

მისჯილი ჰქონდა მას ცოდვილი კაფე სავადოდ,
ო! რა ერთგულად ასრულებდა თავის განაჩენს;
და თუ ხანდახან მას ესმოდა:”ღმერთო, თავადო!”
ჩუმად მალავდა სიხარულში ცრემლს გადანარჩენს.

იჭვით უცქერდა თავის ლექსებს და არ სჯეროდა,
თუ მისი ნიჭი იყო მართლა დიდი ქონება;
მხოლოდ უნდოდა დამშვიდებულ ღამის ჩეროდან,
მისი ლექსივით ატირებუილ ხმის გაგონება.

საყვარელ ქალის რაინდობა მანაც გაბედა,
მაგრამ საწყალი შეაშინა ქალის დიდებამ,
ვერლენს უყვარდა უნუგეშოდ და უცაბედად...
და ახლა მთვარის მოჩვენებას გაეკიდება.

და როცა დარჩა უნუგეშო, ცოდვილი, კენტი,
ხარობდა მხოლოდ ცაზე ობლად დარჩენილ ღრუბლით,
ეხარბებოდა სიმთვრალეში მხოლოდ აბსენტი
და სიფხიზლეში იტანჯოდა მახინჯი შუბლით.
კომენტარები (0)