ალი არსენიშვილს

გაცოცხლდა შენი უცნაურობა,
გადაქცეულო მარჯნების ხვხვად;
და რჩება ჩვენი მოგზაურობა
სიკვდილის დღისთვის შესანახავად.
ჰფანტავდა კვამლსა მატარებელი,
აყვავებული ტყემლის რტოებად;
შენი სიტყვები უდარებელი
უკან მისდევდა ქარს ლევკოებად.
და ტოგამოხსნილს მაინც დაგშვენდა
შენ რეტიანი ლექსით ბარბაცი;
და მოდიოდი, ძვირფასო, ჩვენთან,
ვით ლოენგრინი და ჯარისკაცი.
ჩვენ ძირს გვეფინა გამხმარი თივა
და გვინათებდნენ თავს გვირგვინები;
გვეზმანებოდა ლედი გოდივა
ქრისტეს მოახლით შენაგინები.
უღელტეხილზე მაშინ დაბინდდა,
მზე დაიმალა, როგორც ყაჩაღი,
ჩვენ აფთიაქმა, მძინარ დაბიდან
გამოგვატანა ბოდლერის ბაღი.
მრავალ წარსულით მთვრალი ,,მერეთი”
გარს გვეხვეოდა ლექსი ხროებად,
გვეჩვენებოდა ეს იმერეთი
არაბულ ზღაპრის დაბოლოებად.
თითქოს უეცრად შენ გაგარეტა
ნერონის ხმებმა ცეცხლიან ქარში;
თითქოს ორღანომ ხმა გაიმეტა
კათოლიკების წმინდა ტაძარში;
თითქოს ამალით შეგვხვდა ყეენი,
ან იგერებდი შენ მზის ნატეხებს
და ან თვით იდა რუბინშტეენი
გაბანიებდა დაღალულ ფეხებს.
უცბად იროდის გამოჩნდა ტახტი
და სალომაეს მოგესმა ფიცი –
მერე უეცარ მოწამედ გახდი
როგორ კვდებოდა დანიის პრინცი.
უკანასკნელად გაჩნდა ბრომელი
მწვანე ცილინდრით, თვალ ნისლიანი,
შევხვდით სამება დაუდგრომელი
ალი, პაოლო და ტიციანი.