0 2291

პოემა ჩემი რამოდენიმეთ გადარევისა


-კარი პირველი-
თორმეტი წლიდან მე არ მაცლიდნენ
ცხოვრებას დიდი ოქროს ჩიტები...
მე დამქაშები საიდუმლო ჰანგებში მცდიდნენ,
თორმეტი წლიდან მე ბრაზიან კაცს ვეჭიდები.
ყოველდღე მოდის სიღარიბე...
დილები – ბურით...
გადამიშენდნენ დღეს წითელი ხარები,
დაობდა ზეცა, დაიფარა ბნელ ფაიფურით...
დაინგრა ტვინი... დავეხეტები.
მზიანს მიპირებს ღამე ჩათრევას;
ხანჯლიან შვადღეს ვერ ვიხედები,
ვეღარ უმღერი შვადღის შადრევანს.
ახ! პოეზია... მეგობრობა... ჩემი სარდლობა...
ასარგადონი... ოლოფერნი... ქალების თმები,
ხმა უმაღლესი და პლანეტის: “როდესაც ვკვდები”.

-კარი მეორე-
დამენახეთ, ამიგო წესი:
დღემოკლესავით გადავიცვალე,
და პოეზია უძვირფასესი
მე დამიტირებს ყველაზე ნალე.
მოაქვს სიკვდილებს ჩემთვის ცელენი,
მაგრამ ზვარკაში არა ვარ კენტი:
არ მიმეტებენ მე “ყანწელები”,
რემბო, ბოდლერი და დეზ-ესსენტი.
ღმერთმა სიგიჟე გადმომივლინა,
რადგანაც ხშირად მე ვარ მშიერი.
დედა მიტირებს მე ბაბილინა
და ჯიბრაელი მამა ძლიერი,
ქვეყნიერება ადრე დავტოვე,
სულ ზედმეტია ერის ნუგეში,
მომეგება ჩხიკვაძე ნოე
საიქიოში და დიდუბეში.

-ეპიტაფია-
გაგიჟდა... მაშასადამე გადაიცვალა
პოეტი პაოლო იაშვილი...
პოეზიისთვის ბევრი იწვალა,
მაგრამ არ იყო იმისთვის საშველი,
როდესაც იყო სუსტი, პატარა
მკითხავმა უთხრა: “იყავ გმირია”,
ოცდაოთხ წლამდე დრო გაატარა
და ოცდახუთზე გადაიარა.
იყოს უკვდავი მისი სამარა
და იქ შეევსოს ამ ქვეყნის ნაკლი,
იქ ყავდეს ცოლათ მეფე თამარი
და მყარად ყავდეს მეფე ირაკლი!
კომენტარები (0)