"ელგუჯას" ასოთამწყობი


ბნელში სარკმლიდან შემოდის შუქი
და იატაკზე თეთრად იღვრება,
ხან დაიხრება კაცი დაღლილი,
ხან ადგება და გაეღიმება.
აწყობს სტრიქონებს და სასოებით
უვლის, გართული თავდავიწყებით,
აწყობს ასოებს და ასოები
შეკრულან, როგორც ძმადნაფიცები.
ხან მოერევა მოქანცულს რული,
შორს გაიტაცებს ტკბილი ზმანება,
გამოაღვიძებს მზაღოს ჩურჩული
და ცოდო ქალი შეებრალება.
ასე გაადნო ღამე ხელებში,
წინ ელგუჯასი ედგა სახება,
თვითონაც იდგა მოხევეებში,
ესმოდა მათი გადაძახება.
მისდევს კვალდაკვალ,
ღელვით, ლოდინით,
ელგუჯა დასჭრეს,
გაქრა სახება,
გულს ჩამოაწვა ბინდი ლოდივით
და მწუხარების აცახცახება.
_ მოკლეს?
ჩაუტყდა ფიქრი ხიდივით,
სახე უცნაურ წვით გაერუჯა,
ადგა და ყაზბეგს სთხოვა ქვითინით:
_ გადაგვირჩინე შენი ელგუჯა!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი