რაფიელ ერისთავი - ფოტო

რაფიელ ერისთავი

პოეტი, დრამატურგი

0 1937

„ხმა ღვთისა და ხმა ერისა“


(ნადირ-შაჰის დროისა)

ქართლ–კახეთში წამობრძანდა
თათრის ფაშა ხარკისთვისა,
სულ იკლებენ კომლეულად,
ვინა ზრუნავს ხალხისთვისა!..
ამ წუწკ ფასას თან დაჰყვება
საგარეჯოს მოურავი,
უჩურჩულებს რაღაცაებს
გაიძვერა, სულით ავი…
ერთს დღეს ჩვენი მოურავი,
რომ დათვრა და დაილეშა,
გამობრძანდა გაბერილი
და წამოჯდა ნიგვზის ქვეშა…
ამ დროს ერთი ბერიკაცი
წინ წადგა და მოახსენა:
ადღეგრძელოს მოურავი!..
მომისმინე ცოტა მენა…
მომისმინე, ნურას მაწყენ,
აგრემც ღმერთი გაგიმარჯვებს!..
ხალხს ნუ სჩაგრავ და ნუ მძლავრობ,
მაბრე ქცევა არას გარგებს.
გლეხი ვარ და გლეხის შვილი,
არ შეგშვენის ჩემი რჩევა,
მაგრამ მოხუცს,_თუ არა ვთქვი,_
გულს დაღივით დამეჩნევა,
ვინ შენა და ვინ თათრები?..
ნუ აბეზღებ ქართველებსა,
რას მოგცემენ საიმისოს,
რომ ეფერო სპარსელებსა?..
სამოყვროდ ხომ არ ვარგიან,
მტრად არიან გაფიცულნი,
ჩვენს ჯვარს ჰგმობენ, იესოსა,
ვყევართ მონად, დაჩაგრულნი.
ისინი ჩვენ სისხლსა ჰსომენ,
ამოგვხადონ უნდათ სული,
დაგვატყვევონ, დაგვწვან, მოგვსრან,
ამოაგდონ ჩვენი სჯული!..
გევედრები, მოურავო,
შეისმინა ჩემი რჩევა,
თორემ ღმერთი გადაგიხდის
და მოგვხვდება ხალხის წყევა!..
დღეს შენა ხარ, ხვალ სხვა მოვა,
რა დაგრჩება სამუდამო!..
ის არა სჯობს, რომ სიმართლით
ხალხს აამო, პურიც სჭამო?!..

მოურავი გლეხის რჩევას
ჩაუფიქრდა, არ გამწყრალა.
გულში მოჰხვდა ყველა სიტყვა,
შეათრთოლა, შეამჭვალა…
შეუძახა ბერიკაცს:
,,_დაგიჯერებ, ბარაქალა!..
ამას შენით არას ამბობ~…_
და განგებას დააბრალა!..
კომენტარები (0)