ზეგნელი


ზეგანთა ადგილთა მყოფელს
ჯერ არ ენახა ბაღია,
მოვიდა ბარად, შავიდა
წალკოტს თამამი, ლაღია,
შეუარ_შემოუარა,
ნახა ყოველი ხეხილი,
მწვანილი, ვარდნი, ზამბახნი,
ვაშლი და მსხალი დამყნილი.
იოცა, ისიამოვნა,
გულში აქებდა უფალსა,
და ადიდებდა შემოქმედს,
მადლი შესწირა მის ძალსა!…
ბოლოს წარმოსთქვა: `მამაო!
სულ კარგად გინებებია,
ეს კი არ არის კეთილად,
რომ ბალახს ნესვი აბია,
დიდს ხეს კი მცირე კაკალი…
ეს ძნელი გასაგებია!…~

ვის საქმეს სჯიდა, ჰკიცხავდა,
შახედეთ სულელს, მზებნელსა?!.
მოვიდა ნიგვზის ძირასა,
იქ მიეძინა ზეგნელსა,
ამ დროს შემოჯდა ზედ ყვავი,
ძირს ჩამოაგდო კაკალი,
გაუპო შუბლი ზეგნელსა,
დააწყებინა კანკალი!…
ზეზე წამოხტა ზეგნელი
და ღმერთსა მადლი შესწირა;
`შენ უკეთ გაგიჩენია! _
მან წმინდის გულით შეჰყვირა:
`ამაზედ დიდი რომ ჰბმოდა,
სულ გამიჭყლეტდა თავსაო,
აღარა გცოდებ, უფალო,
აღარას ვიტყვი ავსაო!..~

იგავი ამას გვასწავლის,
სულელურს ნურას ჰბოდავო,
ანდაზაც ამბობს: `კაცი ბჭობს,
ღმერთი კი იცინოდაო.~
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი