ბერუას ჩაფიქრება


ე როგორ არი, ვერ მივხვდი,
როგორი განაჩენია?
მიწა სხვისაა, ვქირაობ,
შრომა კი მარტო ჩემია…
როცა მღალატობს მზე_წვიმა,
და მომიცდება ყანები,
უფლის ნებაა, რა ვუყო,
მე იმას ვეთაყვანები!…
მაგრამ რომ ღალა მიწისა
არ ასცილდება მთესველსა?
სად რა ვიშოვო საბრალომ,
ვინ მომაქვავებს ბედშავსა?
ე შავი მიწა მაინც რომ
სასყიდლად არა მქონოდა,
შავ სამარემდინ _ რა ვიცი,
მე რაღა დამაღონებდა?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი