თანდილას დარდი


ჩაფიქრებულა თანდილა,
დაუკრეფია გულს ხელი,
ჩასცქერის დედამიწასა,
ჩუმად ბუტბუტებს გულხელი:
_ მომიკვდა ხარი გიშერა,
მოკვდა, გამიწყრა ღმერთია,
სადღა ვუშოვო მეუღლე,
ცალდღა დამრჩა ერთია?
რიღათი მოვხსნა ნაწრეტი,
რით ავიცილო შიმშილი,
რიღით გავუძღვე ქვეყანას,
რიღით ვარჩინო ცოლ_შვილი?
შენი ჭირიმე, გიშერავ,
ჭირიმე შენის ქედისა,
მომცილდი, მომკალ ბეჩავი,
მწყევარი ჩემი ბედისა.
რა ვუყო შენს ცალ ირმასა,
ვერ მოვიკარე თივითა,
დარბის თვალდაფეთებული,
ყვირის ხარ_ირემივითა.
მომიკვდა ხარი გიშერა,
მოკვდა, გამიწყრა ღმერთია,
სადღა ვუშოვო მეუღლე,
ცალადღა დამრჩა ერთია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი