კუ და მორიელი


მორიელი და ერთი კუ
დამეგობრდნენ, დაძმობილდნენ,
შეკრეს პირი, რომ ერთმანეთს
თავის დღეში არ მოსცილდნენ.
გასწიეს და გზას შეუდგნენ,
წინ დაუხვდათ დიდი წყალი,
ამ წყალს ხიდი არსად ჰქონდა
და არც ფონი გასავალი.
მაშინ უთხრა კუმ მორიელს:
`მოდი, ზურგზედ შემაჯექიო…
შევცურდები და გაგიყვან,
სადაც სჩანს დიდი ბექიო….~
შეაჯდა კუს მორიელი
და დაუწყო ზურგზედ კბენა,
კუს მოეწო ძლიერ კანი,
ლამის გამოაგდოს ენა,
და ჰკითხა მას, მორიელსა:
`ძმაო, ნუ მკლავ, რას შვრებიო?…~
მორიელმა უპასუხა:_
`ტყუილათ ნუ მიწყრებიო,
არც მე მნებავს შენი კბენა,
მაგრამ მე ვერ დავცხრებიო,
რადგან ყველა ჩვენი გვარი
ასე არის გაჩენილი;
მტერს, მოყვარეს, ყველას უკბენს,
ბრაზით, შხამით გატენილი!…
მაშინ ჩვენმა კუმ იყვინთა,
დიდხანს დაიყურყუმელა,
მორიელი მისცა წყალსა,
დაღუპა და დაანელა!
თან ასე სთქვა:`უკაცრაოთ!
ჩემი გვარიც ასე არი:
თუ ნაკბენს წყლით არ დავიბანთ,
სიკვდილი გვდევს საოცარი!…~

დაისწავლე, მე იგავით
რა გიამბე, რა მოვჩმახე
და მეგობართ კარგი კაცი
მეზობლებში მოინახე,
თორემ მორიელის ძმობა
ვინა სთქვა, რომ კაიაო?
ნათქვამია: `ავი კაცი
აღდგომასაც ავიაო!…”
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი