ოდა ლეგოსისადმი

მზიურ შუბის ტარებით,
მოარული დარებით,
მარადი ნეტარებით
კაცნი ვერ გედარებით.
სულიწმიდის ქმედებად,
ზეშთა შემოქმედებად,
ლოცვის ალად გვედება
შენი სულისკვეთება.
აზრი ნათლად მევსება,
შენკენ გზა რომ მეხსნება,
მზის ქსოვილი ლექსებად
ენთება და ეგზნება.
სული შენი სარკეა,
სად ელოჰიმ არქეან,
სხივით ჩაგიქარგია
სამი იერარქია.
რაბი! მე სერაბინთა
დასების მზერა მინდა
და ამინ-მზე ამინთე,
რომელმან მზე დაბინდა.
ქერუბინთა ქნარიდან,
ხატის მინანქარიდან,
სიოდან და ქარიდან,
შიგნით შემო გარედან.
დასაბამის საბაბო,
არსო დაუსაბამო.
კოსმიურო საბანო
ყოვლი სულის ან-ბანო.
სერობის იდუმალის
მეცამეტე სტუმარი
შენთან მოვალ უმალვე,
თუ დავთმე სასთუმალი.
სანამ სუნთქვა მეყოფა,
მტვრად ვერ მაქცევს, მე ყოფა,
თუმც შენს გზაზე მე ღობედ
ნამყო გადამეღობა.
დედამიწის ერთეულ
რიდეს რიდით ვშორდები,
დავთვლი სამთა ერთეულს,
ვიდრე განვმეორდები.