წრე

მოდი, ჩამხედე ამ თვალებში,შიგნით ტბებია,
ჩაღამებული ყურეები მყუდრო დღეებით,
ზღვის სიშორეში შუაღამეს უერთდებიან
მთვარეში ნავით გადასული მეთევზეები.

თვალუწვდენელი ურჩხულების ვერცხლის პერანგით
ბზინავენ ზღვები მთვარის შუქზე. მლაშე სურნელით
იძვრის ნიავი, როგორც მშვიდი ძილის სურვილი,
ვიდრე წრეს შეკრავს, შემოხაზავს მზის ბუმერაგი.

მოდი, ჩამხედე ამ თვალებში, სარკმლის, ფარდების
მიღმა, როდესაც ვარსკვლავეთის მკლავზე ინთება,
უფსკრულებია აქ ისეთი - შეგეშინდება
ციხე-კოშკიდან მონაზვნების გადმოვარდნები.

აქ ტყეებია ამ ტბებში რომ ირეკლებიან,
მთიდან ველებით ევლებიან ტყეს ფრინველები,
ტყეების შიგნით საიდუმლო ბილიკებია,
შემოიხედე - შენც ამ ტყეებს გადაევლები.

ერთი ჩახედვით, ერთი წამით და გაელვებით
ვნახოთ ქუჩები, სანაპიროს ქალაქები და
ტაძრის ბაღებში გადავძვრებით გალავნებიდან
და ბრმა მათხოვარს გზის პოვნაში მივეშველებით.

ცოტა ხნით ღმერთის გვეგონება მისი ხელები,
მაგრამ იცოდე ჩემს თვალებში ღმერთი არ არი,
აქ მხოლოდ მისი საფლავია, ზეთისხილები
ფარავენ და ჩვენც გავანათებთ საფლავს ფარანით.

ტაძრის გუმბათზე ნახავ როგორ თვლემენ მტრედები,
მსუქანი მღვდლები შეგხვდებიან ეჭვის თვალებით,
წამით ათასგვარ მწიკვლოვნებას დაგაბრალებენ
და ტაძრის ზღურბლთან მდგარ ხეიბრებს შეეფეთები.

სუნი გეცემა საზარელი, მაგრამ საკურთხის
და საკმეველის სურნელებაც მოვა შენამდე.
ასეთი ფერის განათება მხოლოდ წაკითხულ
ზღაპრებშია და სიზმრებშია. შიგნით შემოდი!

შენ ვერ გაიგებ ხმაურია თუ, სიმშვიდეა,
არ ისმის სიტყვა, ისმის მხოლოდ ექო ბგერების,
შუაღამეში ეს ტაძარი ისე დიდია -
აქ ქრისტეს ძმებიც არიან და ქრისტეს მკვლელებიც.

მიწის მუშები, დურგლები და მებადურენი
აღსავლის კართან სიწმინდეებს ეძალებიან,
კედლის ნაპრალში ხელისგულებს აფათურებენ
ბებრუხანები, იქვე ძველი მეძავეები

დგანან და მორცხვად ბუტბუტებენ. თუ, აკვირდები
ნახავ ლოცვანებს მათ ხელებში ოდნავ გადაშლილს,
ოდესღაც მათთან მეც ვიწექი - გაგიკვირდება,
იმათაც უკვირთ გამოჩენა შენი ტაძარში.

კოლონების ქვეშ კაცი რომ დგას და იმის ვაჟი,
მზვერავის თვალით გიყურებენ, მაგრამ ვერავინ
შეგბედავს სიტყვას, სულ აქ დგანან, ისე კი სახლში
მეთევზეთათვის ხომალდების აფრებს კერავენ.

მათთან მოდიან მეზობლები და სადილის წინ
ამბობენ ლოცვებს სამადლობელს, ბოლოში - ამინ!
თვალი თვალის წილ, როგორც არის, კბილი კბილის წილ
სხედან და ასე ჯამებიდან ხელებით ჭამენ.

აგერ, ფერდობზე რომ გაჰყურებს ზღვებს და ამინდებს -
ჩემი სახლია აკაციის ტყის პირას მდგარი,
ათასი წელი შეიძლება ისე გავიდეს,
რომ ვერ შევაღო საკუთარი სამყოფლის კარი.

არ ვიცი შიგნით ვინ დამხვდება, თუკი იქნება
ვინმე საერთოდ ამ ძველ სახლში. შევიდეთ, ვნახოთ.
სიზმარშიც მიჭირს ამ ადგილის, ამ გზის მიგნება,
ამ ხნის მანძილზე არ ვყოფილვარ მე ასე ახლო

მასთან. ისევე დაბურული ეზო და ბაღი,
როგორც ოდესღაც და კედლებზე სურო ასული,
ქვის ქანდაკება, შადრევანი, გალავნის თაღი
მომადენს ცრემლებს თუ, რამხელა ჟამი გასულა.

შენ გაოცება გადაგირბენს სახეზე, ბაგე
ოდნავ ღიმილით გაგეპობა, ბაღის ჩრდილი კი
აშრიალდება, გამოჩნდება სახლის ბილიკი
და მოწყურებულს გეტყვი; - ძველი ჭა არის აგერ

ვენახის გვერდით! ჩემი სიღრმის უძველეს ჭიდან
წყალს ამოვიღებ და მოგაწვდი, ამ დროს კარები
მძიმე ჭრიალით გაიღება, აივნის ჩიტი
დაფრთხება და შენც მომეკრობი მიუკარება.

გარეთ გამოვა მამაჩემი შესული ხანში,
ფეხის ხმით მიცნობს, მეც ვიცანი მისი ფეხის ხმა,
უძღები შვილის იგავში თუ, საკუთარ სახლში
აღმოვჩნდი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ძმა

ჩემზე უფროსი ათასი წლით, უკან მოყვება
განათებული ლამფით ხელში მოხუც მამაჩემს.
ეს იყო ადრე - უარყოფა თუ, ამბოხება,
ახლა ვდგავარ და უნებლიედ ველი განაჩენს.

დედა მოგვიკვდა ახალგაზრდა, ამ კაცის ცოლი,
ორივე იმან გაგვაჩინა, ცათა სიშორეს
მალე გაუყვა და მეც დედას ვგავარ და მგონი
ამ უეცარი განკითხვის წამს ეს თუ, მიშველის.

ლოყაზე წვერით შემეხება და მამაჩემი
მეტყვის: მოხვედი, დაგვიბრუნდი! კიდევ ორ სიტყვას.
ჩვენ შიგნით შევალთ და ამ ღამით იქვე დავრჩებით
სახლში, რომელიც მოგვაგებებს სიზმრების სითბოს.

შემოიხედე ჩემს თვალებში, შემოდი, ნახე
ის, რაც ვერასდროს ვერ იხილეს სხვისმა თვალებმა,
მოვძებნოთ სხვენში ხელთუქმნელი მაცხოვრის სახე,
როგორც ჭრილობა, სიყვარული და შებრალება.

მონატრებული მამაჩემი გაგვიშლის სუფრას,
ჯერ შენს სტუმრობას დალოცავს და გაგეცინება,
მერე კი შვილებს გვადღეგრძელებს - უმცროსს და უფროსს,
ნამგზავრს და დაღლილს შენც ჩემს მხარზე ჩაგეძინება.

და ძილში გეტყვი, რომ მიყვარხარ, რომ ვერ დავმალე
მე ვერაფერი თუკი გულში რამე მიცემდა,
ხვალ შენს თვალებში ჩავიხედავ, როცა მამალი
იყივლებს სამჯერ რიჟრაჟზე და გაგეღვიძება.