დაჩის


როდესაც კრთიხარ და შენი ერთი
კვირის ხელებით პოულობ სივრცეს - 
მე ვიცი მართლა არსებობს ღმერთი,
რომელიც გიცავს, რომელიც გირწევს
სიზმრების ლოგინს და შენი გულის
ფეთქვაში ცხოვრობს, თითქოს მიწიდან
აფრენილ მტრედის თბილი ღუღუნის 
ხმებს გამოსცემდე და სული წმინდა
შენს სახეს ძერწავს გასული წლიდან.
შენა ხარ ჩემი გულივით ჩვილი
და მეც პირველად ეს სიტყვა - შვილი 
მივხვდი რას ნიშნავს, შესაბამისად
ჩემში ვატარებ განცდას მამისას.
ამგვარად ყველა ბგერა თუ სიტყვა,
რაც კი რამ ქვეყნად ოდესმე ითქვა
დასაბამიდან და იმის წინად
დაიწყებს შენში გარკვეულ წილად 
ცხოვრებას, სუნთქვას, ფარულ საუბარს
გააბავს შენთან და მოძრაობას 
შიგნიდან გარეთ გარედან შიგნით
მიმართავს ფიქრის სახით, თუ წიგნით,
შთაბეჭდილებით, სიზმრით, ასევე
საგნებში ჭვრეტით, რადგან სავსეა
სამყარო სიტყვით და ეს სიტყვები
შენა ხარ თავად, დაეკითხები
სიტყვებს თავისი თავის შესახებ,
სიტყვებს გააღებ, სიტყვებს შეაღებ
სიკვდილ-სიცოცხლის კარიბჭის მსგავსად,
ერთმანეთისგან გაარჩევ ფასადს
ფორმას, შინაარსს, გარეს და შინას,
ყოველ მცენარეს, თუ როგორ ფშვინავს,
ცხოველს შეიგრძნობ, ჩიტის გალობა
იქნება შენთვის ერთიანობა
სიტყვების მიღმა არსებულ სულის,
ვინმეს ან რამეს, რომ არ გავს სულაც,
ის არის როგორც შეგრძნება, სუნთქვა, 
რომელიც სიტყვებს ვერ გამოუთქვამთ
ისევე როგორც ერთი შეხედვით 
შენს უმნიშვნელო ხელის ცეცებას,
უმიზნო მზერას სივრცის მეძებარს
პირდაპირ გეტყვი რაც შეეხება
შენს ამ ქმედებას, სულ რომ მოველი

აქვს მნიშვნელობა განუზომელი,
რადგანაც მივხვდი რას ნიშნავს ძე და
რას ნიშნავს მამა, რას ნიშნავს შენთან
ყოფნა და მერე შენში შეგრძნება
შენს ჭურჭელს სული როგორ ეძლევა,
როდესაც კრთიხარ და შენი ერთი
კვირის ხელებით პოულობ სივრცეს,
მე ვიცი მართლა არსებობს ღმერთი 
და გულში გიცემს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი