რევაზ ამაშუკელი - ფოტო

რევაზ ამაშუკელი

პოეტი, საზოგადო მოღვაწე

1 4029

დიაღ! სოხუმი არი დიდგორი!


(წერილი ედუარდ შევარდნაძეს სოხუმში)

ვერ დამაბრალებს ცის ქვეშ შობილი
ფარისველთა მრუდე ხელობას!
- დგახარ ნიადაგ ხელაპყრობილი
და შერიგებას სთხოვ ქართველობას!

გაჰყვება მარად დამალულ დარდად,
ვინც ვერ იომა,
ვინც ვერ გარისკა!
-გწერ არა როგორც უმაღლეს სარდალს,
არამედ როგორც რიგით ჯარისკაცს!..

მიკბენენ კვლავაც: _
იქ რად არა ხარ?!
კვლავ შემიღრენენ ავად მგეშავნი...
რა ვქნა,
ვერ გავხდი სხვის დასანახად
ხმალამოწვდილი გარდანქეშანი!

ვერ მოვახერხე, რაც უნდა მეთქვა,
ვერ ამოვღერღე ნაღდი სტრიქონი!
- დღეს ქართვლის გული
სოხუმში ფეთქავს,
დღეს აფხაზეთი არი დიდგორი!

ბევრს გარეცხილი შერჩა ნამუსი,
დროს ელოდება ჩუმ-ჩუმად დღესაც,
ზოგი ბანაობს სიასამურში _
- შორიდან ესმის მამულის კვნესა!

ვინ მეტყვის,
მტრობის მწარე ნაყოფით,
ყურში ჩურჩულით და ხმის კანკალით,
ვინ სად და რისთვის არის ნამყოფი,
ვინ მსტოვარია,
ვინ მაჭანკალი?..

დრო მოვა, მაგრამ ახლა არ არის
გარჩევის ჟამი, შავის და თეთრის!
ისედაც მოჩანს დედალ-მამალი:
- ვის ფლასი მოსავს,
ვის ჯაჭვი მხედრის!

ის რაც მოგვწერე, იყო ანდერძი,
შთენილმა მარტოდ, შეშლილი ღამით,
ანდერძი,
ლოცვად გამონაძერწი,
შეწირულ შვილის,
მაშვრალი მამის!..

არ ეღირსება ჩემს დამაწყევარს
ობლობა ჩვენი,
ვაი და ვიში,
და ურჩხულს კვლავაც დასცემს სატევარს
აღმაშენებლის მოდგმა და ჯიში!

მე შინაურმაც მრავალჯერ დამკლა,
მასხურა შხამი,
დამიგო მახე...
... ვჭვრეტ ცეცხლმოდებულ კუდიან ვარსკვლავს,
გადამწვარ სოფლებს, აჩეხილ ბაღებს...

ვდგავარ ღამეში ანთებულ სანთლით,
შხივის შროშანი შიშინით, ნელით,
-დღეს იწერება ცხოვრება ქართლის,
ბიჭების სისხლით, დედების ცრემლით!..

რა გითხრა,
ანდა რის მაქნისია,
ამ სისხლის თქეშში ჩემი ხრიალი?!
დიაღ, სამშობლო შენი ღირსია,
მთლად დარუბანდით და დარიალით!

და მაპატიე კოჭლი სტიქონი,
რაც უნდა მეთქვა,
თუ ვერ გითხარი...
- დიაღ! სოხუმი არი დიდგორი,
ქართველი ხალხის ბედის ტიხარი!
კომენტარები (0)