0 202

მიწა


ის გაიტანეს, ნელა მიყვნენ და მეც მივყევი
დინებას, არცთუ უმიზეზოდ, ის მე ვიყავი,
შეგუებული სინამდვილეს, ანუ სიყალბეს,
მომწონდა კიდეც, კარგი იყო, კარგად მივყავდი

და მომყვებოდნენ მშობლიური, ტკბილი ლაყბობით,
როგორც ყოველთვის, როგორც უცხოს, როგრც არყოფილს,
ჩემი სიმძიმის უჩვეულოდ გრძელი ლურსმნებით
ვიკრავდი ფიცრებს და ჩიტების წივილს ვუსმენდი.

კარგად გავერთე, უკანასკნელ სხივებს შევფიცე,
რომ არ ვჯავრობდი ცრემლისა და გულის დეფიციტს,
არც ტელეფონის ნაირ-ნაირ ზარებს, ზედიზედ
რომ წკრიალებდნენ, ჩვენი მხრები გზაჯვარედინზე

რომ დავასვენეთ, მშობლიური, ტკბილი ლაყბობით
რომ შეგვექცია თავი, რამე უცხოს, არყოფილს
რომ ვერ ვხედავდით და ვისროდით სიტყვებს - ნაფოტებს
და ჩვენი ბოღმა მოგონილი დარდით გავფოთლეთ.

მერე, შუადღე შუაცეცხლზე როცა მოხალეს,
მოგვქონდა ღვინო, პური, ხორცი - მჟავე, ცოცხალი
და ვჭამდით ჰაერს, ვსვამდით კითხვებს და ლიმონათებს,
შევთვერით კიდეც და სიტყვები ცრემლში მოვნათლეთ.

მერე და მერე აღტაცება გლოვას მიება
და ალაგ-ალაგ მარგალიტის თეთრმა მძივებმა
ჩვენი გახსნილი ტუჩებიდან გამოანათა,
მერე სიმღერაც შემოვძახეთ, თუმცა მანამდე

ვიყავი მთვრალი, გადაღლილი და ზედ სუფრაზე
ჩამომეძინა წამიერად, ისე, უბრალოდ,
ვხედავდი სიზმრებს, უსაშველო შიშით გაფოთლილს
და გავიქეცი და ყველასთან ერთად გავრბოდი...

რატომ გარბიხართ? სად გარბიხართ? ნუ მიმატოვებთ!
გზაჯვარედინზე, ჩემს კუბოში, მარტო დამტოვეს
და მითხრა მიწამ, უფრო სწორედ, სიჩუმით მარქვა:
“ნუ გეშინია, უკვე აქ ვარ, მე უკვე აქ ვარ”.
კომენტარები (0)