0 256

სახლში


ვინც სარეცელზე ჩამოგისხედით,
ხანდახან წყალი რომ მოგაწოდოთ
(თავის მართლება),
ან, პირიქით, არ მოგაწოდოთ
(თავის მართლება),
პასუხებს ვითხოვთ:
შენს ჩატეხილ საფეხურებს რა ეშველება?
ჩვენ?
პირჯვარს უკან გაყუჩებულებს
(გარედან მგონი ისე ჩანს, რომ შიშის გამოა).
და შენს ღამეებს?
უფრო სწორედ, შენი ძაღლების,
რომლებიც დღისით სად არიან - არავინ იცის.
სხვა? ვითომ მართლა გყავდა ქალი?
და მასზე წერდი?
მერე ორივე დაგავიწყდა?
ბუნდოვნად გახსოვს?
ღმერთიც ბუნდოვნად?
შენს ცას რა გახსნის?
ან შენს კედლებში ჩაშენებულ სიცარიელეს?
წყალს და უწყლობას ერთნაირად როგორ ინელებ?
წერა მაინც რამ დაგავიწყა?
ჩვენ – რაღა, მაგრამ შენს სიმართლეს რა ეშველება?
ან შენს სიბრძნეს, ან შენს სიბრიყვეს?
რით ვეღარ მოკვდი?
ერთხელ მკვდარს ერთხელ მოგიგლოვებდით -
შენ კი ხარაკირს წელიწადში ორჯერ იტარებ -
აღარც თავი გაქვს, აღარც ბოლო,
ხერხემალში ყველგან გადატყდი
და დიდი თევზის ნაჭერივით აგრძელებ თრთოლას.
ვიღას უყვარხარ?
ვერ წავედით, არსად გაგვიშვეს
და სარეცელზე ამიტომაც ჩამოგისხედით.
თან შენსავით ბებრები გავჩნდით -
მშრალი სხეულით, მშრალი ცრემლით, მშრალი ღიმილით,
მშრალი სისხლით, მშრალი სიტყვებით
და ზედ გახოცავთ,
ნერვებსაც, დროსაც (შავ-თეთრ დღეებს),
ზოგჯერ - შვილებსაც...
მეტი რა გზაა?
თუ მაინც დარჩა სიყვარული, იმის წყალობით,
რომ კისტად იქცა
და იქ იღვიძებს, სადაც არ ხარ,
ანუ მათში,
ვინც მიგატოვა.
კომენტარები (0)