ქავე გელ


და დღე, რომელიც თითქოს იყო, ამის მერეა
და თვალებიდან თვალებამდე მზერა, ბორანი,
ქავე გელ, მაინც რიოში ხარ და გალერეა
ყველა სინაზის, ყველა ნაკვთის, ყველა მორალის.

ქავე გელ, სადმე დაგიგებდნენ ხაფანგს, მაკაგონს,
სადმე ზღვისპირა სასახლეში, სული გერევა,
ქავე გელ, ცოტა, ცოტა რამე უნდა დაკარგო,
რომ შენს თოვლიან ღამეებზე შედგნენ ბერებად,

რომ გეას ვერხვი გაუჩრია, როგორც სიგარა,
რომ შემიყვარდი და ცხოვრება უნდა მოვწიო,
ქავე გელ, მოვკვდე, სურვილია ქარის სიგანე
და გრძნობებია უფრო მშრალი, უფრო ნოტიო.

ჯერ ერთი, მხრები - მირაჟები, მერე მეორე:
შენ რიოში ხარ, გალიაში ერთი წამისა,
ქავე გელ, ბინდში ტუჩებსიქითს ღიმილს შეურევ
და შენი ნების, შენი ხვედრის შესაბამისად,

დღეს სამარტვილეს აგიშენებს ღამე არშუშა,
ქაველ გელ, სანამ ჩამოდგება ცარცის ვაგონი,
პატარა ადგილს მოგიძებნი მღვრიე წარსულში -
უხაფანგებოს, უტკივილოს, უმაკაგონოს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი