მტვრიანი ამინდი


წუთშესვენებისთვის აიღე სოფლიდან

ეს წუთი, რომელიც მორჩა ეს წუთია
და მტვერი აიღე, რომელიც ოფლივით
შიგნიდან გამოდის, ამბობდი, ცუდია,

ცხადია, წააგე,

გათავდი, გათოვდა, გარშემო კი შენი
ფერია, რომელიც ყველაფერს დაედო,
მძიმეა, აიღე, სასვენი ნიშანი,
პაუზა, აკორდი, პაუზა, გარედან

ცხრიანს რომ წააგავს

და მტვერი აიღე სხეულზე (ელექსირს
ტუჩებით იღებენ) სატკენად, სათქმელად
და კანზე სრიალით გადაღლილ ხელებში
მათზე გადაღლილი ხელების ჩათვლემა,

რომ ისევ წააგო...

რადგან რაც წერია, სულ მტვერზე წერია,
რაც კი სახელია, სახეა, წიგნია,
რადგან ზედაპირის იქითაც მტვერია,
რომელიც ოფლივით გამოდის შიგნიდან.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი