ვოცნებობ მუზეუმზე ..


ვოცნებობ მუზეუმზე,
ვოცნებობ ჩემს საკუთარ მუზეუმზე,
სადაც არ იქნება კვარცხლბეკები და შუშის კუბები,
სადაც არ იქნება ხელოვნური განათება და ტემპერატურული რეჟიმი,
არ იქნება ვიდეოთვალები და სასიგნალო მოწყობილობები,
არც დათარიღებული ტაბლოები განმარტებებითურთ.
ადამიანები შემოვლენ უბილეთოდ,
საკიდზე დაკიდებენ ტყვიისფერ და იისფერ აურებს,
უსარგებლო იმედს,
დაღლილი თვალებით მიეყრდნობიან კედლებს
და იტყვიან, რომ
აბრაამმა შვა ისააკი,
ისააკმა შვა იაკობი,
იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი...
ჩვენ დაგვავიწყდა შობა -
ნაშობნიც და უშობელნიც
და გამოვჩორკნეთ ომი.
ომს ჰქონდა ბუმერანგის ფორმა,
იფრინა, იფრინა და მობრუნდა,
მობრუნდა და დაგვთვალა -
ცოცხლებიც და მკვდრებიც,
მკვდრებიც და ცოცხალ-მკვდრებიც -
ჩაიქნია ხელები და შედგა.
ვოცნებობ მუზეუმზე,
ვოცნებობ ჩემს საკუთარ მუზეუმზე,
რომელშიც მოვაგროვებ ნივთებს:
ჟანგმოდებულ ქვაბებს,
უსინათლო ფანჯრებს,
ჩამომტვრეულ კრამიტს...
ადამიანები შემოვლენ უბილეთოდ,
ჩაჰკიდებენ ერთმანეთს ხელებს და იტყვიან,
რომ ამ ქალაქს იცნობდნენ ადრე,
ეს ქალაქი უნახავთ სადღაც -
კაფეებში,
ფოტოებზე,
ქვებზე...
ყავის ლექში ან უბრალოდ ლექსში...
ვოცნებობ მუზეუმზე,
ვოცნებობ ჩემს საკუთარ მუზეუმზე,
რომელშიც მოყვებიან სიზმრებს,
მეზობლებზე,
მეგობრებზე,
ქმრებზე...
ახდენილ და აუხდენელ სიზმრებს,
ფერად და შავ-თეთრ სიზმრებს,
ახსნილ და აუხსნელ სიზმრებს
და
ჩამიწერენ შთაბეჭდილებათა წიგნში,
წასვლისას,
წასვლისას,
წასვლისას...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი