ჯერ ამ სურნელით გაგაბრუებ ..


ჯერ ამ სურნელით გაგაბრუებ,
მერე გეტყვი,
რომ „არარაი არს დაფარული“,
რომ ეს სიმშვიდე დედაჩემის კალთიდან ამყვა
და შევინახე.

აქვე ცხოვრობდა დედაჩემი,
ამ მთის ქარაფზე,
დალილა ერქვა.
ყოველ ცისმარე,
ოქროს ნაწნავებს რომ იშლიდა სამხრეთის ქარში,
უსმენდა ქარი...

უსმენდა ქარი დამტვრეული ტალღების ტყლაშუნს
და ფითრდებოდა...

დედა თევზებმა გაასვენეს,
დელფინებმა იტირეს მოთქმით,
ფარავდა კუბოს მედუზების თეთრი სუდარა...

მე ვიჯექი გადახსნილ ეტლში
და ხელს ვუქნევდი ”ნაუტილუსს” - კონცხზე გარიყულს.

ახლა ჩემს ქოხში
დგას ყვითელი ფურცლების სუნი,
გამომწვარი კრამიტის სუნი
და ნიჟარების...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი