ლურჯი ფრინველივით


დღეს კვლავ უშენობა მიწყობს რეპრესიას,
ჭრელი ასპიტივით ვძვრები მაიკიდან,
მეც ხომ შეიძლება მქონდეს დეპრესია,
ანდა ყველაფერი ფეხზე დავიკიდო,
ის, რომ, მაგალითად, ცუდმა ამინდებმა
მოსპო იმედები, ცისკენ ანაღერი,
ის, რომ გასანთლული ფრთები დამიდნება,
ის, რომ ჩემში ხარ და, ვაგლახ, სანახევროდ,
ის, რომ სიზმარია ყველა მხურვალება,
(განზრახ შევეხიზნე მიწას ტიხრებიანს...),
ის, რომ ყოველღამე ჩვენი სურვილები
ერთად წვებიან და მერე იყრებიან.
რა ვქნა? - მძულს სიტყვები ყურით მონათრევი,
ორგულს ეს მესამეც ვეღარ მივართვი და...
ისე გამოვთვერი შენი მონატრებით,
მწარე პახმელია დამრჩა თიბათვიდან
დღემდე... ახლა უკვე რამე თუ მიშველის,
თასი, გავსებული მთვარის ათინათით,
ღმერთო, დამიბრუნე ჩემი სენტ-მიშელი,
ღმერთო, დანაღმული გზები გამინათე.
იქნებ დავამსხვრიო რკინის სამაჯური,
ხრამში მოვისროლო მძიმე ყავარჯენი,
ზღვაზე ერთადერთი ტალღა ჩავაჩუმო,
სულში ავიმხედრო ყველა დანარჩენი,
ცისკენ წავიმძღვარო მერე პირველივე,
დათვის ხომლებისკენ, ანდა ოდნავ მარცხნივ,
შენში შემოვფრინდე ლურჯი ფრინველივით,
თავბრუ დამეხვეს და ფიცარს მივენარცხო
გულის... მაგრამ ხმები მომწვდეს არსაჩემო
(სისხლის მომოქცევა რთული რებუსია)
მუხლზე დავილაგო მერე ასარჩევად
ტყვია, რაპირა და გესლის ემულსია...
კარგო, ასე იცის თურმე მარტოობამ,
დღეს კვლავ უმოწყალოდ მიწყობს რეპრესიას,
სულში ერთნაირად აწვიმ-ათოვებენ
შენი სიშორე და ჩემი დეპრესია.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი