ელექტროვერსია


შენი ერთადერთი ვერსია მაქვს -
ელექტროვერსია.
რამდენიმე დღეა ვირტუალური სამყარო გავიშინაურე;
დაბრეცილ ეკრანზე წამახული კურსორი ციმციმებს
და გეძებს.
თვალები არა აქვს,
არც სხვა შეგრძნების რეცეპტორები,
უბრალოდ იცის,
რომ პატარა ყვითელი კონვერტის მიღმა
შენი დაბნეული მზერა იმალება.
შიშს ამ კედლებშიც ფართოდ გახელილი თვალები აქვს -
აქრობს კონვერტებს და მალავს,
მყარ დისკზე გადააქვს,
კოდირებული სახელით - HEART.

ყველა ვერსიას ვაკოპირებ,
ყველგან მინდა იყო -
ღმერთივით.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი