ბოშები

ნასვამი კაცი ახალგაზრდა გოგოს უღიმის,
ბოშები დგანან ფრთაგაშლილი საყურეებით,
წინაპრების ენაზე ბჭობენ.
- ბიძიებო, დეიდებოოო,
დამეხმარეეეეთ!.. -
იწყებს ყვირილს პატარა ბიჭი.
(ათობით მგზავრის თვალებში ვჩანვარ,
მღვრიე მინებში,
საკუთარი სულის სარკეში, -
სხვადასხვა სახით...)
ხუთთეთრიანი სიბრალულით ივსება პეშვი
პატარა ბოშის.
პური და ფეტვი:
ბიჭი ხურდას იყრის ჯიბეში,
სიბრალულს კი ვაგონში ტოვებს.
"ელდეპოსა" და "დიდუბეს" შორის
მაისის თქეშის გვირაბში შეძვრა მატარებელი.
გაქრნენ ბოშები...

წყარო: urakparaki.com