ალვები

ერთი კვირაა დაუსქელდათ ალვებს ჩრდილები
და ჭორაობენ, -
იხსენებენ ზამთარს სუსხიანს,
სულელ კოდალას,
ვერეს წყალში დამხრჩვალ ფინიას,
შეყვარებულებს,
ავდარი რომ ფეხზე ეკიდათ
და გაშლილ ქოლგებს თოვლიანი წვიმით ავსებდნენ...
ერთი კვირაა დაუსქელდათ ალვებს ჩრდილები,
დგანან მთვარეში მოვერცხლილი კენწეროებით
და ქრისტესავით მაღლდებიან ლაჟვარდებისკენ.

წყარო: urakparaki.com