ფანჯრის რაფასთან


წყაროსთან ისევ ამოვიდა მწვანე ბალახი,
ღამის უბიდან ამოფრინდა ვაი-ვაგლახით
ციცინათელა...

ცივგომბორიდან გადმოეშვა მთვარე მალაყით,
დიდხანს იგორა და დაღლილი დედაქალაქის
გზები გათელა.

(როდის მოვწიე?!. არ დამირტყამს ერთი ნაფაზიც...)
და ვფურცლავ ახლა საკუთარ თავს ფანჯრის რაფასთან, -
მრავალკითხვიანს...

კი იყო ქორფა ის ბალახი, მწვანეც, ბიბინაც...
მაგრამ ჩვენს შორის შავმა კატამ გადაირბინა,
როგორც იტყვიან...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი