ამოგვიკითხეს

ამოგვიკითხეს ლინგვისტებმა
ვაი-ვაგლახით.
შენ ყოფილხარ შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი,
თან შედგენილი,
მე - ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე...
ჯერ იყო ასე:
ქვამდე ბარეს მიწის მთხრელებმა,
წვრილი ფუნჯები გვიღიტინეს,
ქიმიკატებით ამოგვივსეს
მშრალი ვენები.
მერე?
მერე უკვე როგორც გითხარი, -
შენ აღმოჩნდი შემასმენელი -
კარგად მეყოლე,
დავიღალე
ან მებრალები...
მე - ქვემდებარე, -
კარაველა
ან მანდოლინა...
კიდევ იპოვეს ერთი წევრი მეცნიერებმა -
დ ა მ ა ტ ე ბ ა,
პირდაპირი ანდა ირიბი,
ჩვენ რომ გვიშლიდა ერთად ყოფნას
ზოგჯერ პირდაპირ,
ზოგჯერ - ირიბად...
აქაც...
მიწაშიც...

წყარო: urakparaki.com