ლურჯი სისოვლე


         "ზღვის ჰაერივით მენატრება ლურჯი სისოვლე,
         ჩატუმბე ლექსში და თბილისში გამომიყოლე..."
                               /მეგობრის მესიჯიდან/


ვდგავარ ნაპირთან, თოლიები თეთრად კრთებიან,
ფრთები რად მინდა? აქ ისედაც ბევრი ფრთებია.

ნოემბერია. ზღვაში შესვლა მაინც გავრისკე,
აფრას მივყვები, ის კი ილტვის ცივი ქარისკენ.

მზეს რა ვუშველო? მზე ვერ იტანს ზედმეტ სიცივეს,
შუბის ტარზეა და ცრემლები წყალში უცვივა

ხან გამჭვირვალე, ხანაც რძისფერ მარგალიტებად.
ამ ძვირფას ცრემლებს ჩამოგიტან, ზღვამ თუ ინება

გულის გახსნა და... გარდასახვა ფინჯან ყავაში...
წავედი ახლა, უფრო დაბლა, ფსკერზე დავეშვი,

ლურჯი სისოვლე რომ შევკრიბო ტალღის მიყოლით,
ჩავტუმბო ლექსში და თბილისში ჩამოგიყოლო...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი