აღმოსავლური

რა არის შენთვის
ვარდები და მთელი შირაზი
და შაჰის კარზე მოქსოვილი ყველა ხალიჩა?
საუბრობ,
ვითომც არაფერი,
და ჩემს ჯინაზე
არც ლექსს, არც თვალებს
მნიშვნელობას აღარ ანიჭებ.
და მაინც,
მაინც,
როცა გისმენ,
ასე მგონია,
ღამენათევი მზე ამოგდის
ცხელი ხორხიდან
და ბულბულები გასხდებიან
სახმო სიმებზე.

წყარო: urakparaki.com