Made in Georgia


როცა
ყინულოვანი ოკეანის კონტინენტური შელფიდან
კავკასიონის ცადაწვდილ მწვერვალებამდე
გაშხლართული მონსტრი
მარჯვენა თეძოზე გადაბრუნდება
და რკინის პრეზერვატივს წამოიცვამს,
ბებერი ევროპაც გაიღვიძებს,
შიშისგან ღვარცოფივით თვიურს აიტეხავს
და რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელს დალევს,
წარწერით -
”Made in Georgia”.
მიუხედავად სიბერისა, ევროპა კარგად ხედავს,
ხედავს სარკოფაგებად ქცეულ ადამიანებს,
რომლებიც დაქანცული სხეულების ჭრიალით
დანაღმულ ხიდებზე გადადიან,
გრძნობს ცეცხლმოკიდებული ტყე-პარკების სუნს,
მაგრამ არ იცის საითკენ დაუბერავს ქარი,
უსმენს თავისუფლების სადიდებელს:
”ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა”,
მაგრამ ვერ ხვდება რა ენაზე მღერიან...
აქ კი მერამდენე აგვისტოა იბრძვიან,
ტირიან, გლოვობენ და იბრძვიან,
შიათ, სწყურიათ და იბრძვიან,
მღერიან, ცეკვავენ და იბრძვიან,
ლოცვად დგანან და იბრძვიან
ათასგვარი ომის მოსაგებად
ჯავშანმანქანების წინააღმდეგ,
ავიაგამანადგურებლების წინააღმდეგ,
საზღვაო კატარღების წინააღმდეგ,
ჭორფლიანი ჰაკერების წინააღმდეგ...
ევროპას უსაშველო თვიური ტანჯავს,
ხმელთაშუა ზღვას მონდომებით ღებავს,
წითელს აჯიბრებს...
წითელი აქტუალური ფერია.
რკინის მანქანებზე შემომსხდარ ჯარისკაცებს
წითელი თვალები აქვთ,
აფთრებივით,
წითელი ცხვირები უხურთ,
წითური თმებიდან თანაბრად ეღვრებათ
ოფლი და სპირტი.
ქონდრისკაცი მეფეების ბრძანებას ასრულებენ ჯარისკაცები -
მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ,
სოფლებს და ქალაქებს ანგრევენ,
დაცულ ტერიტორიებს წვავენ...
და მიაქვთ:
ფეხსაცმელები და საცვლები,
სარეცხი ფხვნილები და საპნები,
ჩეჩმიდან მოხსნილი უნიტაზები...
წარწერით -
”Made in Georgia”.
ცივ მეგაპოლისში ცხოვრობენ ქონდრისკაცი მეფეები,
ორთავიან არწივებს აჭყავლებენ,
ნავთობსადენის მილებით ასმევენ
დამდნარ პლატინას და ოქროს...
და მაინც სხვისი მთა-ბარი ეხარბებათ,
სხვისი მდინარე ედარდებათ,
სხვისი ცარგვალი ელანდებათ
წარწერით -
”Made in Georgia”.
აქ კი მერამდენე საუკუნეა იბრძვიან,
ტირიან, გლოვობენ და იბრძვიან,
შიათ, სწყურიათ და იბრძვიან,
მღერიან, ცეკვავენ და იბრძვიან,
ლოცვად დგანან და იბრძვიან,
რათა მრავალჟამიერ გაისმოდეს
თავისუფლების სადიდებელი
იმ ენაზე,
რომელიც ევროპელებს არ ესმით და
და რომელსაც
სახარებასა შინა ლ ა ზ ა რ ე ჰრქვიან!

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი