მამაო ჩვენო და წმინდაო მარიამ


დღეს სულმა სხეულის სამოსი გარიყა
და სანამ ცას ვუმზერ ჯერ კიდევ მთვარიანს,
მინდა რომ მოგიყვეთ რა ვარ და რა ვიყავ,
მამაო ჩვენო და წმინდაო მარიამ.
მე ვენდე და დავრჩი უფალო ნოესთან,
ის იყო პირველი მხსნელი და მოკეთე,
დავცინე წარღვნაში დარჩენილ პოეტს და
სივრცე არ გვყოფნიდა კიდობნის პოეტებს.
სანთლების დიდებით დაოსილ ტაძარშიც,
ცოდვები გამელღვო არ დამიზარია
და მინდა მოგიყვეთ რა ვარ და რა დავრჩი,
მამაო ჩვენო და წმინდაო მარიამ.
ვხარობდი მესამე ყივილის გამო და
მინდოდა რომ ზეცა წითელი მეხილა,
თუმც ისიც ვიყავი -
ვინც იმას ამბობდა -
რომ მამალს მესამედ არ უნდა ეყივლა.
ჰქმნიდა წელთაღრიცხვას საოცარს მზის საგა,
დღე იყო მუქი და დღე იყო რევანშის,
როს ეკლის გვირგვინებს გიწნავდნენ,
ბზისაგან -
დიოდა წყალი და ვტიროდი მე მაშინ.
საღამოს ლოცვები გალობად მომესმა,
ცა ანგელოსებმა ნისლებით დაორთქლეს,
(პოეტიც ადამი ყოფილა რომელსაც
არ შერჩა არცერთი ნეკნი და სამოთხე) -
სწორედ იქ მივხვდი და...
ახლა კი იქეთ ვარ, თუ აქეთ,
ვერ ვხდები, ფიქრებშიც ბინდდება
და ფილტვებს შიგნიდან ხმაურით მიხეთქავს,
ხარხარში ჩაკლული ტირილის დიდება.
იმედი - იმედში მოჩანდა წერტილად,
სატანამ თავისი შეკრიბა სინოდი,
ჯვარზე რომ გაკრავდნენ მინდოდა მეტირა
და ჩემს მაგივრადაც - ღმერთო, შენ ტიროდი.
დღეს ისევ ასე ვარ, არეულ ფიქრებით
გიყვებით თუ რა მწყინს ან რა მიხარია
და იქნებ თქვენც მითხრათ ხვალ როგორ ვიქნები,
მამაო ჩვენო და წმინდაო მარიამ.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი