0 153

პროტესტი კულისებიდან


(სარკესთან საკითხავი)

სახურავებზე ელვა აზის ბებერ ანტენებს,
დახეთქილ მინებს გაუჩრიათ პირში ფარდები,
ქართულად წვიმს და შენ სიკვდილთან ღამეს ათენებ,
მერე კი, როგორც ცუდი ფილმი, ისე მთავრდები.

რადგან იცხოვრე შენი გზით და სხვისი წესებით,
წუთი-სოფელშიც ოცი წელი ისე გივლია,
თითქოს მსოფლიო შეისრუტე, ხოლო ლექსების
მცირე რვეულში გადაწერე მთელი ბიბლია...

წვიმს უნიათოდ, ოთახში კი წვეთავს ნიათი,
წერ და თევზაობ ყოფნასა და შორის არყოფნის,
ხოლო სურვილებს იმოდენა სივრცე მიართვი,
გრჩება შეგრძნება, რომ სიკვდილი გაქვს და არ გყოფნის.

მაგრამ, სანამდის საფეთქლები სტრიქონს გაცრიან,
ალბათ აჯობებს, ტრომბონებში რომ გადმოერთო
და თუ მუსიკას ირჩევ ლექსში თექვსმეტმარცვლიანს,
ასე გამოდის, სხვის დაკრულზე ცეკვავ პოეტო,

ან მეორდები, ანდა ელვა ბებერ ანტენებს
ისევ აწვალებს. შენ მაჯებზე გაზის მიზნები,
ზიხარ ზოგადად და ღამესთან ღამეს ათენებ,
ყოველ დილით კი ერთი დღით და ლექსით იზრდები.
კომენტარები (0)