ჩვენი უბნის მელოდიები


რა ქალი იყო და კი არა
რა გოგო იყო და ამბები,
პირველად რომ ჩამოიარა,
მეორედ რომ ჩამოიარა,
მესამედ -
მივხვდით რომ გავებით
მახეში,
ზაფხული, კაბები.
რა გოგო იყო და კი არა -
ქუჩას მოძრაობას უცვლიდა!
მახსოვს რომ გვიყვარდა ზიარად,
ლექსებსაც ზიარად ვუძღვნიდით,
ვუძღვნიდით, სიმღერებს, ბაიათს,
ყვავილთა ეპოქაც მოვკრიფეთ,
სიტყვა მაგ გოგოზე - "კაია"
თვით სიტყვას ჩუქნიდა კომპლიმენტს.

რა ქალი იყო და გოგონა,
ჟრჟოლებით - თმებიდან - ნეკამდი,
გვინდოდა!... - და საკენს როგორაც
სიზმრებში მის კერტებს ვკენკავდით
და ზამთრის ქუჩებში გათოშილთ,
მიკვირს თუ როგორ არ მოგვწყინდა,
ის გოგო ჩვენს სადარბაზოში
სულ სხვებს და 
სულ სხვებს
რომ კოცნიდა.

რა გოგო იყო და რა ქალი,
როგორ გვაოცებდა - მაოცებს,
ჩვენ ჩვენი ბავშვობა დავკალით,
ოცნებების სასაკლაოზე...

წლები თუ გასულა ათობით, -
იმედი იმედად გამოგვყვა
და შემდეგ ვუცქერდით გათხოვილს,
ვიტრინის გაღმა და გამოღმა.

ბოლოს კი ჭორებად აგორდა 
ლექსები, სიმღერა, პიარი -
ნეტავ ჩვენს ქუჩაზე ამ გოგოს
საერთოდ არ ჩამოეარა.
პირველად მან ჩამოიარა
და მაშინ მივხვდით რომ გავებით
რა ქალი იყო და კი არა
რა გოგო იყო და... ამბები!...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი