მამის ლოცვა


(ეძღვნება დედას რომელმაც
შვილის სიკვდილის შემდეგ თავი მოიკლა)

ანაბელ, შეშლილი ღამეები, ცხედრები,
ანაბელ, შიშველი დღეები, მონასტრები,
ერთ ლოცვას სულ მცირე შენთვისაც მოვასწრებდი,
ერთ ლოცვას სულ მცირე... და ვედრებ-ვედრებით

მოვდივარ, სიჩუმეა, სევდაა, ანაბელ,
ეს ჩემი, ეს შენი, ეს ჩვენი შვილია,
რომელიც სიმღერით ძილისთვის განაბე
და ასე მშვენიერს და ლამაზძილიანს

ვიხსენებ... მერე მეც გავდივარ სიზმრიდან,
თქვენ ჩემთან აღარ ხართ, მე ლექსი ვიშვილე
და ახლა, ამ ღამით, უბრალოდ ის მინდა –
სხეულში ქარივით რომ ჩადგეს სიმშვიდე.

აქ აღარც ღმერთია, აქ აღარც ქარია,
მხოლოდ სიკვდილი და კარნახი მაჯებთა,
შეუნდე ანაბელს წმინდაო მარიამ,
ისიც მის პატარას უფლისთვის აჩენდა...

ერთ ლოცვას სულ მცირე მისთვისაც მოვასწრებდი! –
შეშლილი ღამეები, საფლავი, კანაპე,
ტკივილი, დახრილი თვალები, მონასტრები,
სიგიჟე, მონატრება, წუხილი, ანაბელ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი