0 383

ჩემს თაობას


საქართველოში – ფეხზე იკიდებს
ლექსებს!... – ისეა მასა
და ათ ცალ ცოცხალ პოეტს იყიდი
მკვდარი პოეტის ფასად.

გაგეცინება, დროა – არტისტი,
გემოვნებაა – ზერო,
რაღა ერისთვის, რაღა ხალხისთვის
უფლისთვის უნდა წერო.

უწიგნურობის არსით მიქონილ
დღეებს დაუდგეს ერა,
რაღა სტოროფის და რაღა სტრიქონის
ტელევიზიის სჯერათ.

ძველი თაობის ახალ თაობას,
აღარაფერი ესმის,
ტერენტიში და გალაკტიონში
შემოუღობავს ლექსი.

ახლაც წარსულში დადის დრო მისი,
ჩემო ხალხო და ერო,
რაღა შენთვის და რა თაობისთვის,
თავისთვის უნდა წერონ –

იმათმა ვისაც ხანა თაროზე
შეინახავს და ტოვებს,
ანადგურებ და აბარბაროსებ
ღმერთში დათესილ პოეტს –

ჩემო ქვეყანავ... და თუ გარეგან
სახეს შეიცვლი ადრე,
ცოცხალ პოეტებს საღიარებლად –
სიკვდილს ნუ მოანატრებ!...
კომენტარები (0)