მე ყველაფერს ვაპატიებ ევას ..


მე ყველაფერს ვაპატიებ ევას,
აბსურდია მოკბეჩილი ვაშლი,
ჩემი თავის შემცდენელი მე ვარ,
რასაც ვეღარ ვუარვყოფ და წავშლი

წარსულიდან, შენდობის დღე დადგა,
მას შემდეგ რაც სიამაყე ვთელე
და ვპატიობ პილატესაც რადგან
მე ვიყავი ვინც მას ჰბანდა ხელებს.

მე ყველაფერს ვაპატიებ გწამდეს,
ბრმა იუდას, რომ გაყიდა ქრისტე
და მართალი თუ ვიქნები ცამდე,
მერე იქნებ იმ უნარსაც მივწვდე –

განურჩევლად სქესისა თუ ფენის,
ყველაფერი ვაპატიო ყველას
და ცოდვები გავიყოლო შენი,
სადაც ცხელა და იმაზე მეტად –

ვიდრე ჩვენ რომ სარეცელზე ვიყოფთ,
ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას რიგითს,
მაგრამ მიჭირს ორ ცეცხლს შუა ვიყო,
ან გადმოდი აქეთ, ანდაც იქით –

მე გადავალ, მერე წარსულს წავშლი
და ყველაფერს ვაპატიებ ევას,
აბსურდია მოკბეჩილი ვაშლი,
ჩემი თავის განაჩენი მე ვარ!...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი